- Advertisement -

ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნის ცხვრის გარევაზე მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება

519

ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევის თავიდან აცილების მიზნით, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება. ცვლილებას „სურსათ/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. აღნიშნული ინფორმაცია მედიას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააცნო.

„კერძოდ, საკითხი უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. სამწუხაროდ, არსებობდა პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა საქართველოში ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანა, იყო შემთხვევები, როდესაც ქართულ ცხვარში შერევა ხდებოდა, რა თქმა უნდა ეს ვეტერინარული თვალსაზრისით რისკებს ატარებს, შესაბამისად კარანტინის წესების დარღვევა საკმაოდ მკაცრად დაისჯება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ფაქტობრივად გამოირიციხება შემთხვევები, როდესაც ქართულ ცხვარს, ქართულის სახელით უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი შეერევა და საქართველოდან ექსპორტზე გავა.

„საქართველოს განსაკუთრებით მაღალი კეთილსაიმედოობა აქვს ვეტერინარული თვალსაზრისით. ქართულ ცხვარს ასევე აქვს ხარისხობრივი, საკმაოდ კარგი თვისებები. ჩვენ ჩვენი ინდუსტრიის დაცვა უნდა მოვახიდნოთ მაქსიმალურად – მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები დავიცვათ და შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რომელიც ბოლო წლებში გაუჩნდათ ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, რა თქმა უნდა იყოს მყარი და მდგრადი. შესაბამისად, ეს ცვლილებები ამას უზრუნველყოფს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Comments
Loading...