- Advertisement -

ქუთელია: ღამემ ძალიან მშვიდად და წყნარად ჩაიარა, თავს ყველანი დაცულად გრძნობდნენ

19

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს ის დანაპირები, რაც მისცა ქართველ ხალხს და პარტნიორებს.
„ვიდრე ისინი ამ გამოსავალს იპოვიან, ნდობის ლიმიტი ამოწურეს. ძალიან დიდი ტყუილი უთხრეს მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ამიტომ, გაგრძელდება პროტესტი, პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმა, შესასვლელების დაბლოკვაც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პარლამენტმა დაკარგა ლეგიტიმურობა, წარმოადგენდეს ქვეყნის ინტერესებს“,-  განაცხადა ბათუ ქუთელიამ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიზანმიმართულად ხდებოდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის დაკნინება, მასზე შეტევა და სახელმწიფოს მიტაცება.
„ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის ის, რომ დღეს სახელმწიფოს ინსტიტუციები ვერ ფუნქციონირებენ, ანდა, ექვემდებარებიან ერთი ადამიანის და მასთან აფილირებული ჯგუფის კონტროლს. ამან მიაყენა ზიანი სახელმწიფო ინსტიტუციებს და არის გამოსავალია მოსაძებნი. ეს შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, როდესაც გვექნება არჩევანის გაკეთების საშუალება და პოლიტიკურ სუბიექტებს ექნებათ თანაბარ პირობებში შეჯიბრის საშუალება“,- განაცხადა ქუთელიამ.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა.
რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. გუშინდელი აქციის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს.
აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან კარავი აქვთ გაშლილი.
აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული პროექტი საქართველოს პარლამენტში ჩავარდა. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

Comments
Loading...