- Advertisement -

შალვა თადუმაძე: გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე დარჩენის საკითხი აღარ განიხილება

356

მთავრობის საპარლამენტო მდივანის შალვა თადუმაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დარჩენის საკითხი აღარ განიხილება. მისი თქმით, გარემოს დაცვის პროგრამების ბიუჯეტი არ შემცირდება.

"გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართებაში პროექტში რჩება ის ჩანაწერი, რომლითაც წარდგენილი იყო თავიდანვე. მიმდინარეობს კონსულტაციები და გარემოს დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული გარანტიები განისაზღვრება.

გარანტირებული იქნება ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება გარემოს პროგრამების ბიუჯეტი, ის არასოდეს არ იქნება წინა წელზე უფრო ნაკლები. შესაბამისად, ის გარანტიები, რომ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა და ამაში სახელმწიფო თავის ფინანსურ რესურსებს გამოიყენებს, ეს დაფიქსირდება კანონის დონეზე", – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებების პროექტით, გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება იცვლის სახელწოდებას და იქნება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.

Comments
Loading...