ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა დახმარება გაუწიოს 2 ივლისს, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
"დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიცირების მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. დაზარალებული პირების იდენტიფიცირების შემდეგ, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება შემოსავლების სამსახურის მიერ, განხორციელდება ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით და შესაბამისად, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები",-აღნიშნულია განცხადებაში.