- Advertisement -

შესაძლოა, კერძო საკუთრების მორიგებით და იძულებით ჩამორთმევის წესი შემოვიდეს

520

პარლამენტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კერძო საკუთრების ჩამორთმევის ახალ წესზე იწყებს მუშაობას.

კერძოდ, შესაძლოა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის ახლებურად ჩამოყალიბება მოხდეს და ძველი კანონი გაუქმდეს. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების ან/და პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის ახალ წესს – მორიგებას და იძულებას.

მორიგებით განსახლებისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების ან/და პროექტის განმახორციელებელი საექსპროპრიაციო ქონებას იღებს ამ ქოების მესაკუთრესთან შეთანხმებით, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

კანონპროექტში განმარტებულია საექსპროპრიაციო ქონება – ანუ, ეს არის მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის.
იძულებით განსახლება მოიცავს ექსპროპრიაციას, რომლის დროსაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების ან/და პროექტის განმახორციელებელი საჭირო ქონებას იღებს მასზე ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით, რაც ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.

კანონპროექტში განმარტებულია ტერმინი ექსპროპრიაცია – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების სრული ან ნაწილობრივი ჩამორთმევა წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის ანაზღაურების პირობით;

ექსპროპრიაცია დაიყოფა სამ ეტაპად: წინასაექსპროპრიაციო, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების ეტაპი.
წინასაექსპროპრიაციო ეტაპი მოიცავს მორიგებით განსახლებას.

თუ მოლაპარაკება ვერ შედგება, ხდება იწყება ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების ეტაპი – ამ დროს მიმდინარეობს იძულებით განსახლების, სამინისტროსადმი (ეკონომიკის სამინისტრო) მიმართვისა და სასამართლოს წესით ექსპროპრიაციის მოპოვების პროცედურები.
ექსპროპრიაციის განხორციელების ეტაპი მოიცავს რიგ საკითხებს, რაც დაკავშირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ასევე ექსპროპრირებული ქონების გამოთავისუფლებისთვის დადგენილ ნორმებს.

სასამართლოს მიერ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შემდეგ, კანონპროექტით განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილმა მესაკუთრემ უნდა გაათავისუფლოს ექსპროპრირებული ქონება.

კერძოდ, მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობაა განთავსებული -არაუმეტეს 1 თვისა, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას, არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა. ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის განსახლება.
კანონპროექტი განსაზღვრავს საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების დადგენის კრიტერიუმებს.

მოხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან მიმართებაში შეფასებათა კრიტერიუმების გამიჯვნა.

კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მასზე არსებული ნათესების ღირებულება, რაც გამოიანგარიშება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მიიღებდა მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეფასების დროს მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გარდა, ასევე გათვალისწინებული იქნება მრავალწლიანი ნარგავების/ხე-მცენარეების ღირებულებაც მიწის შესყიდვისა და განსახლებისათვის დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით.

ექსპროპრიაციისას გაითვალისწინება აგრეთვე იმ ქონების კომპენსაცია, რომლის ზომა, ფორმა და მდგომარეობა უმნიშვნელოა ან არაეკონომიურობის გამო – ნაკლებად ღირებული, მაგრამ დაკავშირებულია საექსპროპრიაციო ქონებასთან და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარია. მტკიცების ტვირთი დარჩენილი ქონების გამოუსადეგარობაზე ეკისრება მესაკუთრეს. მხარეთა შორის მორიგების მიუღწევლობისას საკითხის გადაწყვეტა მოხდება სასამართლო წესით.

როგორც განმარტებითბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიღების მიზანია, დახვეწოს კანონმდებლობა და სრულყოფილი, გასაგები და გამჭვირვალე გახადოს საკუთრების ჩამორთმევის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებები.

„საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარე სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე სამუშაოების განხორციელებისას (ელექტროსადგურების, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და სხვ.) ხშირად დგება კერძო საკუთრების ჩამორთმევის აუცილებლობა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა შეიცავს რიგ ხარვეზებს, რითაც ხშირ შემთხვევაში ხელი ეშლება მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების დროულად განხორციელებას, ხოლო მესაკუთრეთა უფლებების დაცვისთვის კი აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი უფრო მაღალი სტანდარტები და მესაკუთრეები უკეთ იყვნენ ინფორმირებულები ამ პროცესში თავიანთი უფლება-მოვალეობების თაობაზე“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

Comments
Loading...