- Advertisement -

შსს სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

380

შსს-ს მეხანძრე-მაშველები გურიასა და იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, "შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აგრძელებენ".

"ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შსს-ს მეხანძრე-მაშველები ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ.

გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა იმერეთშიც. ამ დროისათვის, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში აღნიშნული რეგიონიდან 300-მდე შეტყობინებაა შესული. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, ასევე, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განახორციელეს.

გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე ოღასკურაც ადიდდა და ქალაქ ქუთაისის დასავლეთ ნაწილი დატბორა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. შსს-ს სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა, ასევე, ოპერატიული დახმარება გაუწიეს ქუთაისის ორ სამშობიარო დაწესებულებას. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს 4 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დატბორილია შენობების პირველი სართულები და სარდაფები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ.

ცენტრალურ გზებზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები",- ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...