- Advertisement -

შსს: “ღამის მგლების” ჯგუფის წევრი ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით აპრილის თვეში შემოვიდა

560

დღეს, შსს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან ღამის მგლებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: დამშვიდდით, რუსი ''ბაიკერები'' არ მოდიან. თუმცა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის ერთ-ერთ უბანში ფადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია "ღამის მგლების" ერთ-ერთი წევრი.

გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

"სოციალურ ქსელში ე.წ. „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების – ე.წ. „ღამის მგლების“ 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას.

ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, „ღამის მგლების“ ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის.

შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის ინციდენტს", – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

პ.ს. ფოტო აღებულია სოციალური ქსელიდან. 

Comments
Loading...