- Advertisement -

“ჩვენ გვსურს მეგობრობა, თანამშრომლობა და მშვიდობა” – ტრამპისა და პუტინის 2 საათი და 10 წუთი

221

ჰელსინკში ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკება მხოლოდ თარჯიმანთა თანხლებით 2 საათის და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ პრესკონფერენციის მოლოდინში დარბაზში 1400-ზე მეტი ჟურნალისტი შეიკრება.

ის-ის იყო პრესკონფერენცია უნდა დაწყებულიყო, რომ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ყოველკვირეული The Nation-ის მიერ აკრედიტირებულმა სირიელმა სემი ჰუსეინმა მოულოდნელად ამოიღო ჩანთიდან პატარა პლაკატი წარწერით: Nuclear Weapons Ban Treaty (ატომური იარაღის აკრძალვის ხელშეკრულება – აიპრესი).

დაცვის მოთხოვნას ის არ დაემორჩილა, განაგრძო პლაკატის დემონსტრირება და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწიათ მათ, თუმცა დაცვამ მალე მოახერხა მისი ძალით გაყვანა დარბაზიდან. თავისი გამოსვლის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება "ფრიად წარმატებული და სასარგებლო იყო". მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ის ურთიერთობებში არსებულ მძიმე და რთულ ატმოსფეროს ობიექტური მიზეზები არ გააჩნია. "ცივი ომი" დიდხანია რაც დასრულდა, "მწვავე იდეოლოგიური დაპირისპირების ეპოქა ორ ქვეყანას შორის შორეულ წარსულში დარჩა, ვითარება მსოფლიოში კარდინალურად შეიცვალა" მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დღეს რუსეთი და აშშ სრულიად სხვაგვარ გამოწვევებს აწყდებიან".

ეს გამოწვევებია: საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მოშლა, რეგიონალური კრიზისები, ტერორიზმი საერთაშორისი დამნაშავეობა, მსოფლიო ეკონომიკის მზარდი პრობლემები, ეკოლოგიური და სხვა რისკები, – აღნიშნა პუტინმა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, ამასთან "გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით".

აშშ-ის პრეზიდენტმა თავის გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი იყო "პირდაპირი, ღია და პროდუქტიული". მან თქვა, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია აშშ-ის, რუსეთის და მთელი მსოფლიოსთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოებმა, თუკი მათ სურთ მსოფლიოში სიტუაციის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, უნდა გამოძებნონ თანამშრომლობის შესაძლებლობა. "ჩვენი ურთიერთობა არასდროს არ ყოფილა უარესი, ვიდრე ახლა. მაგრამ ეს შეიცვალა 4 საათის წინ. მე ნამდვილად მჯერა ამის" – განაცხადა ტრამპმა "დღევანდელი შეხვედრა – ეს მხოლოდ დასაწყისია ხანგძლივი პროცესის… ჩვენ გვსურს მეგობრობა, თანამშრომლობა და მშვიდობა, ვფიქრობ, რომ მე შემიძლია ვთქვა ეს როგორც ამერიკის სახელით, ასევე რუსეთის სახელითაც" – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტებმა მიერ წარმოთქმული დაახლოებთ 10 -12 წუთიანი სიტყვების შემდეგ, ისინი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში პასუხობდნენ ჟურნალისტთა კითხვებს, ტრამპის მისამართით "ინტერფაქსის" ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა ტრამპის ევროპული ტურნეს დროს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა "ჩრდილოეთის ნაკადის", გერმანიის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების და აშშ-დან ევროპაში თხევადი გაზის იმპორტის შესაძლებლობის შესახებ.

მანვე ჰკითხა ტრამპს: შეხვედრის წინ თქვენ პუტინს მეტოქე უწოდეთ, მაგრამ გამოთქვით იმედი, რომ შესაძლოა თქვენ მოახერხებდით მასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, მოახერხეთ ეს? ტრამპმა პასუხი თავდაპირველად მეორე კითხვაზე გასცა და თქვა, რომ მან პუტინს მეტოქე კი არა კონკურენტი უწოდა და ეს კომპლიმენტი იყო, პირველ კითხვასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ არაა დარწმუნებული "ჩრდილოეთის ნაკადის გერმანიისთვის აუცილებლობაში, თუმცა მათ წარმატებას უსურვებს. იგივე საკითხთან დაკავშირებით პუტინმა განმარტა, რომ ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ ნაკადის ამოქმედების შემთხვევაში უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერების გამო, რის საპასუხოდაც მან აცნობა ტრამპს რუსეთის მზადყოფნის შესახებ გააგრძელოს ხელშეკრულება, თუ ტრანზიტის განმხორციელებელი ორგანიზაციები ("გაზპრომი" და "ნეფტოგაზი" – აიპრესი) შეძლებენ ერთმანეთში მოლაპარაკებას.

როიტერის კორესპონდენტის კითხვაზე, ვისი ბრალია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭება, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ორივე ქვეყნის ბრალია. ტრამპი შეეხო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს და განაცხადა, რომ მან პატიოსნად დაამარცხა არჩენებში ჰილარი კლინტონი. პუტინმა არჩევნებში რუსეთის ჩარევა უარყო და განაცხადა რომ რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს აშშ-თან ამ საკითხში. ყირიმის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის პოზიცია ცნობილია, ის არ აღიარებს ყირიმის რუსეთთან შეერთებას, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი პოზიცია გვაქვს, – განაცხადა პუტინმა.

ტრამპის და პუტინის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპის გამოსვლა მეტად კრიტიკულად შეაფასეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა შეფმა ჯონ ბრენანმა და CNN-ის წამყვანმა ჟურნალისტებმა ჯონ კინგმა და ანდერსონ კუპერმა. ბრენანის თქმით, ტრამპის გამოსვლა პრესკონფერენციაზე "სხვა არაფერია, თუ არა გამცემლობა". კინგმა ტრამპის გამოსვლას უწოდა "აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოსვლა". მას მხარი აუბა კუპერმა და ტრამპის გამოსვლას "სამარცხვინო" უწოდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

Comments
Loading...