- Advertisement -

ჩუგოშვილი: არასამთავრობოებმა ომბუდსმენის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატები დაასახელეს

385

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღირსეული კანდიდატები დაასახელეს.

თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ შემოთავაზებული კანდიდატურებიდან სახალხო დამცველის პოზიციაზე ერთ-ერთს დაასახელებს.

„ვფიქრობ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც დასახელებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არიან საკმაოდ ღირსეული კანდიდატები. თავიანთი საქმიანობის განმავლობაში, მათ ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება დაამტკიცეს. ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორმა მნიშვნელოვანი და პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. მივიჩნევ, რომ პარლამენტის მხრიდანაც იქნება ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, თუ გაითვალისწინებს ამ შემოთავაზებას და სახალხო დამცველი შემოთავაზებული კანდიდატებიდან დასახელდება, ვინაიდან, სახალხო დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ორგანო და თანამდებობის პირია, ის ყველაზე ახლოს არის სამოქალაქო სექტორთან და ყველაზე მჭიდროდ მას უწევს სწორედ სხვა კონსტიტუციური ორგანოებიდან არასამთავრობო სექტორთან საქმიანობა. იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდება ამ ოთხიდან რომელიმე კანდიდატზე, მე კონკრეტული, გამოკვეთილი ფავორიტები არ მყავს. მთავარია, რომ არასამთავრობო სექტორისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მისაღები პირებიდან ერთ-ერთის დასახელება მოხდეს პარლამენტის მიერ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, არასამთვრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დაასახელეს. 

Comments
Loading...