- Advertisement -

ჩუგოშვილი კანდელაკს:ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზეა

584

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილსა და დეპუტატ გიორგი კანდელაკს შორის დებატები მოჰყვა.

გიორგი კანდელაკმა სხდომაზე ყოფილი პრემიერ მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმის შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთა და მას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. კანდელაკმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას შეასრულებს.

გიორგი კანდელაკს თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ივანე მერაბიშვილი პატიმრობაში სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება.

„ბატონი ივანე მერაბიშვილი პატიმრობაში სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება. სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ და მნიშვნელოვან საქმეზე, ევროპის სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემზარავი საქმის გამოძიება, პასუხისმგებელი პირების დაკავება და მათი კანონის წინაშე წარდგენა დაავალა. სწორედ ამიტომ იმყოფება ბატონი ივანე მერაბიშვილი ახლა პატიმრობაში.

რაც შეეხება სხვა საქმეებს, ჩვენ ველით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. საქმე ახლა დიდ პალატაშია. კიდევ ერთხელ, ჩვენ გამოვხატავთ სრულ მადლიერებას და მორჩილებას სასამართლოს წინაშე და რა თქმა უნდა, საპარლამენტო ასამბლეა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველო სასამართლოს ნებისმიერ ინსტრუქციას შეასრულებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს უზარმაზარ პატივს სცემს. „ჩვენ არა მხოლოდ სრულად ვცემთ პატივს, მადლიერები ვართ და მორჩილებას გამოვხატავთ სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი, არამედ ჩვენთვის სასამართლოს გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინსპირაციას მნიშვნელოვანი რეფორმების დასაწყებად.

სასამართლო იყო ინსპირაცია ისეთი მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმისთვის, როგორიცაა პენიტენციური სისტემა საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვნად გარდაიქმნა და დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს. იგივე შეიძლება ითქვას გამოხატვის თავისუფლების და ბევრი სხვა მიმართულებითაც, სადაც სწორედ სასამართლო იყო ინსპირაციის წყარო საქართველოში ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.

Comments
Loading...