პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მიმართ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება. თამარ ჩუგოშვილი წერს, რომ სიძულვილი განსაკუთრებით დიდია საჯარო სივრცეში აქტიური ქალების მიმართ და აღნიშნავს, რომ სავალდებულო კვოტების საკითხს პარლამენტი სესიის გახსნისთანავე განიხილავს.
"ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე როგორ ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.
ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის ისღა რჩებათ სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.
ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე",-წერს თამარ ჩუგოშვილი.