"დეკლარირებულად ეს არის თითქოს ცეცხლის გავრცელების საწინააღმდეგო თხრილები, მაგრამ ეს უკავშირდება ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას და საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიკადებით შემოფარგვლის პროცესს", – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში, არცევში დამატებითი ხნულების შესაძლო გავლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართები ისევე დაირღვევა, როგორც ბერლინის კედელი დაინგრა.
"დაანონსებული გახლავთ დღეიდან დამატებით ხნულების გავლება. ეს ბარიკადებით საოკუპაციო ხაზის შემოფარგვლის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ. გახსოვთ, რომ ე.წ. ბორდერიზაციას ადრეც სხვადასხვა ხაზები და ფორმები ჰქონდა, ეს იყო ზოგიერთ შემთხვევაში მავთულხლართები, ზოგიერთ შემთხვევაში ღობეები, მიწათხრილები, ბანერები. ამ შემთხვევაშიც ეს გახლავთ თხრილები. დეკლარირებულად ეს არის თითქოს ცეცხლის გავრცელების საწინააღმდეგო თხრილები, მაგრამ ეს უკავშირდება ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას და საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიკადებით შემოფარგვლის პროცესს.
დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც დაირღვევა მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები. მსოფლიო ისტორიაში არაერთი კედელი დარღვეულა, დაინგრა ბერლინის კედელი. აუცილებლად დაირღვევა ეს მავთულხლართებიც, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ექმნებათ პრობლემა და ჩვენი მიდგომა გახლავთ, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ დავეხმაროთ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას, გაიუმჯობესონ ცხოვრების მძიმე პირობები, დავდგეთ მათ გვერდში“,-აღნიშნა ქეთვან ციხელაშვილმა.