- Advertisement -

ცოტნე ყავლაშვილი: სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დანახარჯები მაღალია

586

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2,376.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს 327,9 მლნ ლარით აღემატება.

"საგადასახადო შემოსავლების ზრდამ წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 16.0% შეადგინა. საგადასახადო შემოსავლები კვარტლის გეგმასთან მიმართებაში 163,4 მლნ ლარით, 7.4%- ით გადაჭარბდა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს – მისმა შემოსულობებმა პირველ კვარტალში 2,690.3 მლნ ლარი შეადგინა. შემოსულობები 6.0%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული კვარტალური გეგმის მიმართ. გადაჭარბებამ ნომინალში შეადგინა 152.7 მლნ ლარი.

ამასთან, ზრდამ 2016 წელთან შედარებით ნომინალში 496,2 მლნ ლარი, ხოლო პროცენტულ გამოსახულებაში 22,6% შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 177,3 მილიონიანი (8.5%) გადაჭარბებით შესრულდა პირველი კვარტლის გეგმის მიმართ და ნომინალურ გამოსახულებაში 2,274.3 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან ზრდა 317.8 მლნ ლარს (16.2%) შეადგენს. ბიზნესის მაღალ აქტივობას ხელს უწყობს საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესის გამარტივება და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესისთვის დაბრუნებული თანხების მაღალი მაჩვენებელი.

2017 წელს საგადასახადო ზედმეტობის სახით ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესს დაუბრუნა 59,9 მლნ ლარი, რაც 38,7%-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც 2017 წლის მარტში, ისე პირველ კვარტალში მაღალი იქნება და წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს",-განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. 

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი მონაცემებით მაღალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე დანახარჯები.

მისი თქმით, სრულად იქნა ათვისებული რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2017 წლის პირველ კვარტალში განსაზღვრული ასიგნებები. სამინისტრომ პირველ კვარტალში დახარჯა 206.8 მლნ ლარი და კვარტლის გეგმის მიმართ შესრულების მაჩვენებელმა შეადგინა 105,5%. შედარებისთვის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კვარტლის ათვისების მაჩვენებელი 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს აღემატება 68.6%-ით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის დეკლარირებული პრიორიტეტია, რაც სწრაფი ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს როგორც მიმდინარე წელს, ისე საშუალოვადიან პერიოდში.

მისი თქმით, 2017–2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მათ შორის იქნება 800 კმ სიგრძის გზები, გვირაბები, აეროპორტები, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონები და სხვ. ცოტნე ყავლაშვილის განმარტებით, ეს პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.

Comments
Loading...