- Advertisement -

წიკლაური: საქართველოს მსოფლიო პოლიტიკაში დაბრუნების და დეოკუპაციის გაღრმავების შანსი მიეცა

482

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებისა და ტრამპი-კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ საქართველოს უნიკალური შანსი გაუჩნდა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნდეს. მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის მხრივ.

პოლიტიკოსი „აიპრესთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამის მიუხედავად მსოფლიო თანამეგობრობის ერთსულოვნება საკმარისი არ არის და საჭიროა საქართველოს ხელისუფლების აქტიური მოქმედება.

წიკლაურის თქმით, მიღწეული პროგრესი ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის დამსახურება უფროა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის ნაყოფიერი მუშაობის შედეგი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. როგორც 6 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე გადაწყვეტილება, რომ ამერიკის პრეზიდენტი შეხვდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს ადასტურებს, რომ ამერიკას აქვს ურყევი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენენიტეტის მიმართ. ეს ძალიან მტკიცე საფუძველს ქმნის იმის, რომ ჩვენ უკეთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თვით საქართველოს მთავრობის მზადყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ისეთი გეოპოლიტიკური განლაგება, რომელიც ახლა შეიქმნა მსოფლიოში ძალიან იშვითია. ჩვენ ვხედავთ, რომ საფრანგეთის არჩევნებმა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ძალიან მკაფიო განცხადებებმა და მოქმედებისათვის მზადყოფნამ ჩვენ სახელმწიფოს შეუქმნა წინაპირობები იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დეოკუპაციის რეჟიმის ახალ სიბრტყეზე გადაყვანა. გააკეთებს თუ არა ამას საქართველოს ხელისუფლება, ამის შესახებ სამწუხაროდ პესიმისტური მოლოდინები მაქვს“, – განაცხადა წიკლაურმა.

კითხვაზე, მიღწეულ პროგრესში აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის ნაყოფიერი მუშაობის შედეგს ვერ ხედავს? – პოლიტიკოსი ასე პასუხობს:

„წლების განმავლობაში ჩვენ ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ ის არასაკმარისად წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. ხელისუფლების დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი იყო ევროპის ქვეყნებთან არა ისეთი დაახლოება, როგორსაც ჩვენ ვესწრაფვით, არამედ „კურსის არმენიზაცია“, როგორც ეს თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი პირველი ვიზიტის დროს ჩვენს მეზობელ სომხეთში. ამიტომ, იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ახლა ვხედავთ გაცილებით დიდი წილია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების აქტიურობის. ახლა ჯერია საქართველოს ხელისუფლებაზე და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, იმისათვის რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაუჩნდა ჯეროვნად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნავს წიკლაური, რომელიც აქვე დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში ბრუნდება.

„დიახ, ეს უთუდო ამას ნიშნავს. მე ვთქვი, რომ უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა, რომ გაცილებით უკეთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. მათ შორის გავაღრმავოთ ის პროცესი, რომელსაც ჩვენ დეოკუპაციის პროცესს ვეძახით. ეს უნიკალური შესაძლობლებებია, მაგრამ ამისათვის მსოფლიო თანამეგობრობის ერთსულოვნება არ კმარა. ამისთვის საჭიროა, ჩვენი ქვეყნის მთავრობის აქტიური მოქმედებებიც. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ, პირიქით მთავრობა ამბობს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილების ვაშლი. რაც საქართველოს არასწორი საგარეო პოლიტიკური კურსია. თუ დავინახავთ, რომ ადგილი აქვს დანაშაულებრივ პასიურობას ამ მიმართულებით, მაშინ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ქართველი ხალხი. იქნება უდიდესი პოლიტიკური ზეწოლა მთავრობაზე, ეს იმ შემთხვევაში თუ მთავრობა ეცდება ხელიდან გაუშვას ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. მოგვიანებით ტრამპმა twitter-ზე დაწერა: „დიდი პატივია გიორგი კვირიკაშვილის სტუმრობა თეთრ სახლში“.

იქამდე, 6 მაისს გამოქვეყნდა 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის პროექტი, (კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი), რომელშიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...