- Advertisement -

წულუკიანი: კონსტიტუციიდან ქართულ სიტყვას ქილიკის გამო თუ ვშლით, ბარბარიზმი რატომ შემოგვაქვს?

357

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საყოველთა-სახალხო განხილვისას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაინტერესდა, რატომ ხდება პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის პუნქტიდან სიტყვა ხმოსანის ამოღება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი განუმარტა, წინა განხილვების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ხმოსანი ქართული სიტყვაა, ის ქილიკის საგანი გახდა. შესაბამისად, კონსტიტუციაში ტერმინი ხმოსანი საარჩევნო კოლეგიით შეიცვლება.

თეა წულუკიანი: ხმოსანის ამოღება რატომ ხდება, რა არის ამის მიზეზი?

ირაკლი კობახიძე: დავიცავით ტერმინი, ვთქვით, რომ არის ქართული, ხალხური, თუმცა, გახრდა ქილიკის საგანი. საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები – ხმოსანი, ფრთოსანი, მგოსანი.

თეა წულუკიანმა ასეთი მიდგომა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ თუ კონსტიტუციიდან ქართულ სიტყვას ქილიკის გამო იღებენ, მაშინ ბარბარიზმებიც არ უნდა დატოვონ, მაგალითად როგორიცაა სიტყვა ინტერპელაცია.

თეა წულუკიანი: ანუ სხვა არგუმენტი არ არის, დასანანია იმიტომ, რომ როდესაც კონსტიტუცია აფუძნებს ქართული სიტყვების ხმარებას, ეს ალბათ პირიქით მისასალმებელი უნდა იყოს. მაგალითად მივესალმები იმას, რომ თანახელმოწერა შემოვიდა და აღარ ვიტყვით კონტრასიგნაციას. დასანანია, რომ ხმოსანი შემოგვქონდა და ახლა უნდა ამოვშალოთ. მაგრამ ის, ვინც ამ ქართულ სიტყვას აქილიკებს, მან თუ გააქილიკა ინტერპელაცია? რომელსაც არ ვეთანხმები რომ შემოვიტანოთ, რადგან ეს არ არის ქართული ტერმინი და უფრო პოლიციური სამართლებრივი ტერმინია. მაგალითად ევროპაში ქუჩაში რომ გაგაჩერებს პოლიცია და ინტერპელაციას ჩაგიტარებს, შენ ვალდებული ხარ იმის კითხვებს გასცე ქუჩაშივე პასუხი. თუ ქართულ სიტყვებს ვშლით და შემოგვაქვს ბარბარიზმები… ინტეპელაცია მაგალითად ბარბარიზმია.

ირაკლი კობახიძე: ინტერპელაციას შესატყვისი ვერ მოვუძებნეთ, თორემ გვინდოდა.

თეა წულუკიანი: ინტერპელაცია, ეს არის ჩვეულებრივი გამოძახება. აქედან გამომდინარე, თუ ქართულ ტერმინს ხმოსანს ვშლით, იმის გამო, რომ ვიღაცამ გაგვაქილიკა, მაშინ იტერპელაცია რატომ შემოგვაქვს? იქნებ ვეძებოთ ამ სიტყვის ქართული ტერმინი. რამდენი ვინმეც ქართულ სიტყვას გააქილიკებს, ჩვენ ეს კონსტიტუციიდან არ უნდა ამოვშალოთ.
 

Comments
Loading...