"ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის, ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასევე პრეზიდენტის, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს", – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას.
"ის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები მცირდება კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტით, ეს იყო მმართველი გუნდის შეთავაზება საზოგადოებისთვის. მმართველმა გუნდა დადო პირობა, რომ თუ ვენეციის კომისია ამას არ მოიწონებდა, ის მიიღებდა შესაბამისს ზომებს. აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის არჩევის წესი არ გააკრიტიკა, პრიქით, ის ამბობს, რომ სახელმწიფოს გადასაწყვეტია, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევის წესი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის ოპონენტების, არასამთავრობოების და პრეზიდენტის, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს. უნდა გავიაზროთ ის შენიშვნები, რომელსაც მივიჩნევთ, რომ ჩევნი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის არის მისაღები. ის, რომ მაგალითად 5%-იანი ბარიერი დაიწევს, როგორც ჩანს, მმართველი გუნდისთვის მისაღებია. მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვევს პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პრინციპები.
პრინციპში, რატომაც არა, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია ამბობს, 5%-იანი ბარიერი ევროპული სტანდარტია-ო, ჩვენ დავწიოთ ეს სტანდარტი, თუკი ამაზე პარლამენტი თანახმაა და მივიღოთ კიდევ უფრო დემოკრატიული სტანდარტები ამ მიმართულებით", – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარი თვისობრივად ცვლის იმ პროექტს, რომელიც ვენეციის კომისიამ და ქართულმა საზოგადოებამ განიხილა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პროექტი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული