- Advertisement -

ჭიაბერაშვილი: ეკონომიკა დგას, ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება

502

“ეკონომიკა დგას, ფასები იზრდება, ხალხი ღარიბდება”, – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

 “ამ ფონზე მილიონამდე ადამიანისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჯანდაცვის პაკეტების გაუარესება უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციო- ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება.

გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას მოქალაქეებს. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ” გადასახადები აწია ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.

პროდუქტი და მედიკამენტი ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე და აქციზის გაზრდამ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. რა არის გამოსავალი? გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს – გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა, რაზეც მთავრობა, “ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს უარს.

არადა კატასტროფულად დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში (აპრილში 2.1%) ეს მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა. მთავრობას ამ ნაბიჯების გადადგმას აუცილებლად ვაიძულებთ, მაგრამ მანამდე, სამწუხაროდ, ასიათასობით მოქალაქის ჯიბეს, შემოსავალსა და კეთილდღეობას მიადგება ზარალი”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის მაისში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინდექსი არ შეცვლილა. 

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,5 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,1 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია დაზღვევის ქვეჯგუფზე (15,5 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4,9 პროცენტი), ზეთსა და ცხიმზე (-0,7 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-0,4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (2,4 პროცენტი), აგრეთვე ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,3 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

მოცემულ პერიოდში ფასების 8,3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 2,53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (30,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10,1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4,7 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 2,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (11,2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (6,0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15,0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (31,7 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,7 პროცენტით, რაც 0,60 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების (16,8 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5,3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი, 2017 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,2 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...