- Advertisement -

ჭიაბერაშვილი: ინფლაცია და რეფინანსირების პროცენტის გაზრდა ეკონომიკურ ზრდას კიდევ შეანელებს

497

"დღეს საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოქვეყნა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომლის მიხედვითც ფასების წლიურმა ზრდამ 6,1% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე – პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. 

მისი განცხადებით, საწვავზე აქციზის გაზრდამ ხალხს ცხოვრება გაუძვირა.

"განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში – 17,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე – ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.

გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვნად ისევ და ისევ მედიკამენტები. ამ ფონზე მილიონამდე ადამიანისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კანდაცვის პაკეტების გაუარესება უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ “წამლის პროგრამას” იმ დაფინანსების პრიობებში, რაც გამოიყო – 3.5 მლნ ლარი – აშკარა “აფიორის” სუნი უდის. ასეთი უკვე ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, მაშკევიჩისა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, დავით საგანელიძის მონაწილეობით. ალბათ, ყველამ იცით “ჰუმანითი-ჯორჯიასთან” დაკავშირებული სკანდალი.

ფაქტი ერთია – ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ხალხი ღარიბდება, ოჯახების შემოსავალი მცირდება, ხარჯი კი იზრდება.

იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ” გადასახადები აწია ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.

20 იანვარს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა: „აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა.“

საპარლამენტო უმრავლესობას, “ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ პროდუქტი და მედიკამენტი ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე და აქციზის გაზრდამ ბენზინზე, დიზელსა და გაზზე ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

მთავრობა იმით იმშვიდებს თავს, რომ 2017 წლის პირველ  კვარტალში 5%-იანი ზრდაა, თუმცა “ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, ეს ზრდა არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა გაიზარდოს და ვშიშობ, ასეთი მაღალი ინფლაციაც და ინფლაციის მოსათოკად ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების პროცენტის გაზრდაც შეანელებს ამ ისედაც არასაკმარის ეკონომიკურ ზრდას.

 რა არის გამოსავალი?

გამოსავალია ის, რაზეც მთავრობა, “ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს უარს. ესაა გადასახადების შემცირება და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულება. მთავრობას ამ ნაბიჯების გადადგმა წლის ბოლოს აუცილებლად მოუწევს, მაგრამ მანამდე, სამწუხაროდ,  ასიათასობით მოქალაქის ჯიბეს და შემოსავალს მიადგება ზარალი",-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

Comments
Loading...