- Advertisement -

ჭიაბერაშვილი: ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40,000-მდე მოქალაქე დარჩა

524

“2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო. ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40,000-მდე მოქალაქე დარჩა,” – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

“მეხუთე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა, თითქოს საარსებო შემწეობის სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო. გრაფიკზე წარმოდგენილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” 40,000-ით გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი, არჩევნების შემდეგ კი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ისევ დაიწყო გაჭირვებული ადამიანების ამოყრა.

“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს პოლიტიკური მოტივაციის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Comments
Loading...