ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
გამგებელმა სოფელ ხცისში, მინი სტადიონის მშენებლობა, ალში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები, ახალშენში გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები და სოფელ ალში უკვე დასრულებული მოასფალტებული ცენტრალური გზა დაათვალიერა.
სოფელ ხცისში მინი სტადიონის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 59 244 ლარი გამოიყო, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მისი განხორციელება ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და დამკვიდრებას. სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
სოფელ ალში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 212 976 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისშია დაგეგმილი. სააღმზრდელო დაწესებულება ორ ჯგუფზე იქნება გათვლილი და 70 ბავშვის მიღებას შეძლებს.
სოფელ ალში გზის მოასფალტებისთვის 399 000 ლარი გამოიყო, პროექტი უკვე დასრულებულია, რაც უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ალის მოსახლეობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გამგებელსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს ალში გზის მოასფალტების პროექტის ხარისხიანად განხორციელებისთვის.