- Advertisement -

ხიდაშელი: საჭიროა, მთავრობამ საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებაზე აქტიურად იმუშავოს

420

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვანია.

როგორც ხიდაშელმა „აიპრესს“ განუცხადა, აშშ-ის განცხადება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ის არა ვაშინგტონიდან, არამედ თბილისიდან კეთდება, იმ ქვეყნის დედაქალაქიდან, რომლის ტერიტორიის 20%-იც რუსეთს ოკუპირებული აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რომელიც ჩვენ რუსეთის მიმართ მოვისმინეთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუკი ჩვენ მას თბილისიდან ან ტალინიდან მოვისმენთ. ეს უბრალოდ გეოგრაფიული ლოკაცია არაა, ეს არის ერთი მხრივ რუსუთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომლის 20%-იც რუსეთს ოკუპირებული აქვს და მეორე მხრივ, ქვეყნიდან გაკეთებული განცხადება, რომელსაც ასევე ემუქრება რუსეთი. თბილისში და ტალინში ნათქვამ სიტყვას კიდევ უფრო მეტი ფასი აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში, ვიდრე ვაშინგტონიდან ნათქვამ სიტყვას. რა თქმა უნდა, ჩემთვის ამ ვიზიტის მთავარი შემადგენელი ეს არის. ეს განცხადება მოვისმინეთ მაშინ, როცა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალზე ნატო-ს ტექნიკა მოძრაობდა. ეს ერთიანი შემადგენლობის სხვადასხვა ნაწილებია“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

პოლიტიკოსის შეფასებით, მთავარია საქართველოს მთავრობას ჰქონდეს კონკრეტული გეგმა და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამერიკასთან იმაზე, რომ საქართველოში ამერიკული ბაზები განთავსდეს.

„მთავარია საქართველოს მთავრობას ჰქონდეს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რათა ამერიკის მხრიდან გაკეთებული გზავნილები კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდოს, ამისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობას ჰქონდეს ისეთი გეგმა, რომლის რეალიზებასაც მოახდენს. ჩვენი მთავრობაში ყოფნის დროს ასეთი გეგმა გვქონდა, რაც უკავშირდებოდა შეთანხმების მიღწევა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, დაახლოებით ისეთი როგორც აქვთ იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან. რაც საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსებას შეუწყობს ხელს. ახლა უნდა დაიხარჯოს დრო და ენერგია ამაზე, რომ გზავნილები გადაითარგმნოს, მაგრამ ამასთანავე საინტერესოა რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას.

დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა ამაზე აქტიურად დაიწყოს მუშაობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, სხვა მხრივ ეს დარჩება პოლიტიკურ განაცხადად. მთავარია მოხდეს ამისი რეალიზება ძალიან კონკრეტულ გეგმაში, ამ შემთხვევაში ეს ამ პარტნიორობის დასტური იქნება“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი გუშინ დაიწყო. დღეს მას საქართველოს სახელმწიფო თანამდებობის პირებთან და პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ჰქონდა შეხვედრა. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა, მათ შორის მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

Comments
Loading...