- Advertisement -

ხმალაძე: მაჟორიტარულ სისტემაზე,შესაძლოა,უარი ითქვას,თუმცა პრობლემა მანდატების განაწილებაშია

622

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ შესაძლოა მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა მოხერხდეს, თუმცა პრობლემა ამ შემთხვევაში მანდატების განაწილების წესში იკვეთება. როგორც მან რუსთავი 2-ს განუცხადა, მანდატების განაწილების ის წესი, რომელიც მმართველი პარტიის შემოთავაზებულ ვარიანტშია მოცემული, არასამართლიანია.

ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ საჭიროა მანდატების განაწილების ისეთი წესი დადგინდეს, სადაც გაუნაწილებელი მანდატები არ არის, ან საარჩევნო ბარიერი უნდა დაწიონ 3%-მდე. ასეთ შემთხვევაში ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ დაკარგული ხმების რაოდენობა არ იქნება 7%-ზე მეტი, მაშინ როცა მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით, შესაძლოა, 20-დან 60% მდე იყოს. 

"საკმაოდ მაღალია შანსი იმისა, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე ითქვას უარი, მაგრამ ამ მაგრამის შემდეგ დგება პრობლემები, როგორ განაწილდება მანდატები. ის ვარიანტი რომელიც შემოთავაზებულია მმართველი პარტიის მიერ, ესეც შიგნით სრულად ვერ აქვთ შეთანხმებული, არის ასეთი:

1. იყოს 5 პროცენტიანი საარჩევნო ზღურბლი

2. არ იყოს საარჩევნო ბლოკები

3. მანდატების განაწილების წესი შენარჩუნდეს საარჩევნო კვოტის პრინციპით, როგორც დღეს არის, ოღონდ ყველა გაუნაწილებელი მანდატი უპირობოდ გადაეცეს პირველ ადგილზე გასულ პარტიას.

რას მოგვცემს ეს? ეს მოგვცემს ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით უაღრესად არასამართლიან შედეგს, ვინაიდან 5 პროცენტიანი ზღურბლის და საარჩევნო ბლოკების არარსებობის პირობებში ე.წ. დაკარგული ხმები, ანუ იმ ხმების ჯამი, რომელიც მიიღეს იმ პარტიებმა რომლებმაც ვერ გადალახა ზღურბლი შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ დიდი. ეს რიცხვი თამაშობდა ხოლმე სადღაცა 20-დან 60%-მდე. 2012 წელი იყო მგონი ერთადერთი შემთხვევა როცა დაკარგული ხმების ჯამი იყო 10%-ზე დაბალი.

გამოსავალი იმაშია, რომ მანდატების განაწილების ისეთი წესი შემოვიღოთ, სადაც გაუნაწილებელი მანდატები საერთოდ არ არის და იქ შესაძლებელია გარკვეული უპირატესობა პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მიიღოს, მაგრამ  მცირე, ან მეორე ვერსია, იყოს საარჩევნო კვოტის პრინციპი, როგორც დღეს ხდება, ოღონდ ან გაუნაწლებელი მანდატები განაწილდეს ან ე. წ. ეფექტური პროცენტის მიხედვით, ან დაიწიოს საარჩევნო ზღურბლი 3%-მდე, ასეთ შემთხვევაში დაკარგული ხმების რაოდენობის პროცენტი იქნება დაბალი და არ მგონია რომ ის 7-8%-ზე მეტი აღმოჩნდეს და ასეთ შემთხვევაში, ჯანდაბას წაიღოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ყველა გაუნაწილებელი მანდატი. 7 % არის 10 მანდატი, იყოს ეს 10 მანდატი ბონუსის სახით, მაგრამ არა 30, 40 მადანტი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს",-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. 

Comments
Loading...