- Advertisement -

ხორგუაშვილი: ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება

521

"ეკონომიკური გარემო ცუდ მდგომარეობაშია, ფასები იზრდება, ხალხი ღარიბდება",-ამის შესახებ მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს. 

"საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, ფასების წლიურმა ზრდამ ივნისში 7.1% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე – პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში – 15.3%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე – ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.

გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ყველაზე მნიშვნელოვნად ისევ და ისევ მედიკამენტები. გაძვირებამ ყოველ 100 ლარზე დამატებით 7 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. ამ ფონზე მილიონამდე ადამიანისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჯანდაცვის პაკეტების გაუარესება უარყოფითად აისახება ჩვენი საზოგადოების როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციო- ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება.

გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას მოქალაქეებს. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ” გადასახადები აწია ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს.

რა არის გამოსავალი? გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს – გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა, რაზეც მთავრობა, “ქართული ოცნება“ ჯიუტად ამბობს უარს. არადა დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ეს მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა. მთავრობას ამ ნაბიჯების გადადგმას აუცილებლად ვაიძულებთ, მაგრამ მანამდე, სამწუხაროდ, ასიათასობით მოქალაქის ჯიბეს, შემოსავალსა და კეთილდღეობას მიადგება ზარალი",-აღნიშნავს ხორგუაშვილი. 

Comments
Loading...