შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთით შემოვიდა, შესაბამისად ქართველ მესაზღვრეებს არ ჰქონდათ ფორმალური საფუძველი, რომ ის საზღვარზე არ გამოეტარებინათ.
როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დანარჩენი დამატებითი მოკვლევის საგანია.
„ლუჟკოვის საზღვრის კვეთის მომენტში რაიმე თვალშისაცემი, პასპორტიდან გამომდინარე არ არსებობდა, რაც ასე ვთქვათ მესაზღვრეს ექნებოდა თვალსაჩინოდ გადაწყვეტილების მისაღებად. დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი, რასაც ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად გავარკვევთ.
შემოვიდა ლეგალური საბუთებით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვევული პასპორტში ეს მონაცემი არ იყო. შესაბამისად მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.