- Advertisement -

ჯანდაცვის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

472

შრომითი მიგრაციის რეგულირებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ მოაწერეს.

შეთანხმების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მისცემს საშუალებას, ელექტრონული წვდომა ჰქონდეს ბაზაში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის შესახებ, რომლის საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან არის დაკავშირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი კი, ამ იურიდიულ პირთა მუდმივ მონიტორინგს, დარღვევების გამოვლენისას შემდგომ რეაგირებასა და საჭიროების შემთხვევაში, ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმირებას უზრუნველყოფს. პროცესში მონაცემთა გაცვლის სააგენტოც არის ჩართული.

სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება შრომითი მიგრაციის ეფექტიანად რეგულირებას, უწყებათაშორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მონაცემების ხელმისაწვდომობას ემსახურება.

უწყებები ამ მიმართულებით უკვე ერთი წელია თანამშრომლობენ და ბაზაში ამ დროისთვის 23.165 სუბიექტია რეგისტრირებული.

Comments
Loading...