- Advertisement -

ჯანდაცვის სამინისტრო: აუცილებელია სოციალური მუშაკის პროფესიის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა

637

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, დღითიდღე იზრდება მოთხოვნა სოციალურ მუშაკებზე, ამიტომ ამ პროფესიის დარეგულირება და კანონმდებლობის ჩარჩოში მოქცევა დროული და აუცილებელი ნაბიჯია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადება გაავრცელეს:

''პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას. რაკი საქართველოში ეს ახალგაზრდა პროფესიაა, აქამდე არ არსებობდა ამ პროფესიის ყოვლისმომცველი, მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი.

დღითი დღე იზრდება სოციალურ მუშაკებზე მოთხოვნა, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე არასამთავრობო სექტორში. პროფესიის აქტუალობიდან გამომდინარე, ძალიან დროული და მნიშვნელოვანია მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიის სწორ განვითარებასა და ხარისხიანი სოციალური სამუშაოს შესრულებას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიესალმება სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას მისი მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიის გასაძლიერებლად და უკეთ მხარდასაჭერად აუცილებელია მისი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი უწყებები მზად არიან ითანამშრომლონ სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორთან თანამედროვე, საჭიროებებზე ორიენტირებული, ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზებას, მის პრესტიჟულ პროფესიად ქცევას, დაეხმარება პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვასა და საქმიანობის ხარისხის ამაღლებაში – საზოგადოების მოთხოვნების და გამოწვევების საპასუხოდ.'' – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...