- Advertisement -

ჯანელიძე: აშშ-ს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი იყო

357

 

"25 წელი გავიდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ამ პერიოდში ამერიკის პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა თუ შენარჩუნებისათვის", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უწყებაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერია. 

"აშშ აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მხარს უჭერს კონსტრუქციულ მიდგომებსა და თანმიმდევრული პოლიტიკის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. 

პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან ხანმოკლე ვადაში, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. 

აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ჩამოყალიბებულ ძალიან კარგ ურთიერთგაგებას. მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრის გარდა, ამ მოკლე პერიოდში აშშ-ში ვიზიტები გამართეს, ფინანსთა, განათლების, ჯანდაცვის სასჯელაღსრულების მინისტრებმა. მე პირადად შესაძლებლობა მქონდა ერთ-ერთი პირველი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ უკვე მიწვეულია ვაშინგტონში", – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის შეფასებით, აშშ-ს ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა განპირობებულია საქართველოს მთავრობის ერთგულებით საერთო ღირებულებებისადმი, როგორიც არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ასევე ჩამოყალიბებული ნდობა და პარტნიორობა გლობალური თუ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში. 

"უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული განსაკუთრებული პროგრესი ყველა ამ მიმართულებით, არის საფუძველი ჩვენი ღრმა სტრატეგიული პარტნიორობისა. 

ხაზგასასმელია ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის წვრთნების მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებთან. ეს წვრთნები, რომელშიც 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, გახლავთ საქართველოს მიერ მსოფლიოსა და რეგიონის სტაბილურობაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციის აღიარება და ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების დამსახურება. 

წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პარტნიორებთან და ნატო-სთან მეტი თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ. 

ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობა კი, ამ კურსის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. 

მაღალი დონის დიალოგის პარალელურად, აქტიურად ვთანამშრომლობით სტრატეგიული პატრნიორობის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. განსაკუთრებით გამოვყოფდი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, სადაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეთანხმდა მიმდინარე წელს, რომელიც გულისხმობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. 

არ შემიძლია არ აღვნიშნო გლობალური უსაფრთხოების კუთხით ჩვენი აქტიური თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე. 

სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალი დონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით პარტნიორობა და სრულად იქნას გამოყენებული ამ მხრივ არსებული პოტენციალი", – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე. 

Comments
Loading...