- Advertisement -

ჯანელიძე: დადგება დღე, როცა დევნილები და ლტოლვილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან

593

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა საბჭოს გააცნო საქართველოში უკანასკნელ წლებში ადამიანთა უფლებების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე, მთავრობის ადამიანთა უფლებების სამოქმედო გეგმაზე და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესებში.

საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ადამიანთა უფლებების უმაღლეს კომისარს გასულ სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიოენში ადამიანის უფელებბის დაცვის მხრივ არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებისათვის, ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობის დიდი ძალისხმევისა, საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთით სავალალო მდგომარეობაა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რეგიონებში დაშვებული არ არის არცერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის აგეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მექანიზმი,“-განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები, სხვა ხელოვნური დაბრკოლებები და აფხაზეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

„აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ოკუპირებული რეგიონების სრული იზოლაციისკენ. ჩვენ მტკიცედ მივყვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზას და მზად ვართ გავუზიაროთ მათ ყველა სარგებელი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებს მოაქვს,“ – განაცხადა მინისტრმა და საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს გადამწყვეტი ქმედებების მიღებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად დღეს არსებული ხელოვნური ბარიერებისა.

„დადგება დღე, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს და მოახდენენ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანთა უფლებებზე, თავისუფლებაზე და კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებაზე. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა,“-განაცხადა ჯანელიძემ.

გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ეს სესია ქ. ჟენევაში 27-28 თებერვალს იმართება. მინისტრი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.

Comments
Loading...