საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდება და ეს მას ევროპულ ოჯახში კარს გაუხსნის.
"დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. ეს პროცესი უკავშირდება ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან , ასევე წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც განახორციელა საქართველოს მთავრობამ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ. საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო და ეს გაუხსნის კარს ევროპულ ოჯახში. ეს დღეც აუცილებლად დადგება",-განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი დღეს, 1 მარტს მოეწერება.
ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. შესაბამისი რეჟიმის ამოქმედებამდე კი დამატებით 20 დღეა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი ძალაში სავარაუდოდ 28 მარტიდან შევა.
არსებული ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.