"ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა. კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისთვის",- ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, რუსეთი კონფლიქტის მხარედ გამოცხადდა. ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა გადაწყვეტილებაში არსებულ საკითხებზე.
"ფაქტობრივად, პირველად სახელმწიფოებმა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ყოფნის გამო საქართველო საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას. მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთსა და საქართველოს შორის.
გადაწყვეტილებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაციის არც ერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ეს ძირძველი რეგიონები გახდნენ რუსეთის ნაწილი და მოხდეს ამის საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმიზაცია, იმთავითვე იქნება უკანონო და ამას სახელმწიფოები არ აღიარებენ.
გადაწყვეტილებაში ასევე ჩამოყალიბდა მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ასევე ყურადღება გამახვილებულია ადმიანის უფლებათა დარღვევებზე და ა.შ.
მიღებული გადაწყვეტილება ქმნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სამართლებრივ სურათს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას. ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქართველოს მიმართ ევროპის საბჭოს ინტერესი იზრდება",- აღნიშნა მინისტრმა. მან აქვე მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საქართველოს პარტნიორებს.