აგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვას დონალდ ტრამპისადმი. ჯანელიძის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას ქვეყნის მიმართ.
მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ამერიკული დიდი კორპორაციების ინტერესები საქართველოსადმი იზრდება.
"ეს წერილი მიუთითებს, თუ რამდენად ღრმაა ჩვენი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. პირველ რიგში, ის ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიულ პროცესს, რომელიც, რა თქმა უნდა, ამერიკის ძალიან დიდი მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი. ჩვენ ამ მიმართვაში ვხედავთ მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ორპარტიული მიმართვა. ეს არის ორპარტიული მიმართვა.
ეს მომავალში საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისათვის გამოვლენილი მხარდაჭერაცაა.
ამერიკული დიდი კორპორაციების ინტერესი საქართველოსადმი იზრდება. გუშინ საქართველოს ეწვია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, რომელიც დაინტერესებულია საქართელოში თავისი ბიზნესის გაფართოებით", – განაცხადა ჯანელიძემ.