ჩვენი მიზანია, ბავშვების ყურადღება სასუსნავებიდან და შაქრიანი სასმელებიდან ჯანსაღ საკვებზე გადავიტანოთ, – ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, თბილისის სკოლების ნაწილში ვაშლების დარიგება სექტემბერში ამოქმედდება. ჯეჯელავა აცხადებს, რომ შესაბამისი გეგმა უკვე დამტკიცებულია.
„ეს არის ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილი და შესაბამისად, სექტემბრიდან დაწყებული დეკემბრამდე მართლაც, ზოგიერთ თბილისის მსხვილ სკოლაში კვირაში ერთხელ ასეთი კამპანია გვექნება. ჩვენი მიზანია, ბავშვების ყურადღება სასუსნავებიდან და შაქრიანი სასმელებიდან ჯანსაღ საკვებზე გადავიტანოთ. პროექტი უკვე მზად არის და სექტემბრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ცნობისთვის, ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება, მათ შორის – საღეჭი რეზინის, კანფეტის, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად ჩიფსები). ასევე იკრძალება მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის, ასევე გაზიანი სასმელების გაყიდვა, გარდა მინერალური წყლისა.