განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით ბოლო წლებში სკოლებში ექსკურსიებმა ტრივიალური სახე მიიღო.
მინისტრის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს ახალ საექსკურსიო პროგრამაზე, რომლის თანახმად, პედაგოგები, სკოლის მოსწავლეებს შემეცნებით ექსკურსიებზე წაიყვანენ, ამის სანაცვლოდ კი, ისინი ანაზღაურებას მიიღებენ.
„საექსკურსიო პროგრამა ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. ჩვენ ვთავაზობთ პედაგოგებს, თუ ისინი გასვლით, შინაარსიან, კონკრეტული მიზნის მომსახურე გაკვეთილებს ჩაატარებენ, ამას ავუნაზღაურებთ.
არსებობს კატალოგის პირველი ვერსია, სად შეიძლება წაიყვანო კლასი – ეს არის მუზეუმები, სახელმწიფო დაწესებულებები, რეგიონები…
ვფიქრობ, 2017-2018 სასწავლო წელს ბავშვები უკვე აღმოჩნდებიან ახალი ტიპის ექსკურსიებზე, სადაც შემეცნებითი კომპონენტი იქნება გაცილებით აქტიური.
მე მგონი, რომ ორი დიდი სიკეთე მოხდება, ერთია, ჩვენი ბავშვების განათლება, მეორეა, ის ანაზღაურება, რასაც მიიღებენ პედაგოგები.
ასევე ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი მუზეუმი გვაქვს, ბევრი ადგილია, სადაც ჩვენი ბავშვები არ არიან ნამყოფი, მშობლებს ყოველთვის ამის საშუალება არ აქვთ, რომ ყველა ასეთ ადგილას მიიყვანონ თავისი შვილები, ამიტომ, შევეცდებით ეს ახალი საექსკურსიო პროგრამა იყოს ამაზე გათვლილი“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ