- Advertisement -

ჯეჯელავა: ჰერბერტ ზალბერის ქმედებასთან დაკავშირებით ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება

522

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. მინისტრის თქმით, ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით მკაცრი იქნება.

"აბსოლუტურად მიუღებელია ეს ქმედება, ცალსახად, ყველანაირი თვალსაზრისით და ნაბიჯები იქნება ძალიან მკაცრი, კონკრეტულად, გაწვევა იქნება თუ არა მოთხოვნილი, ამას საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყება გადაწყვეტს. ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობაზე არაფერი განგვიხილავს. საგარეო უწყება ამაზე გასცემს პასუხს. მთავრობის საკითხები შეგიძლიათ ნახოთ და მათ შორის ეს საკითხი არ არის", – განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ შეხვდა. შეხვედრის ვიდეოკადრები ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

Comments
Loading...