გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, შპს "ჯორჯიან მანგანეზში", სასამართლოს თანხმობით სპეციალური მმართველი. შეიყვანა, რომელიც ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებსა და გარემოს გაეცნობა."აიპრესი"აღნიშნულ საკითხზე "ჯორჯიან მანგანეზს" დაუკავშრდა.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაქარია ზალიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს დანიშნულ მმართველზე კომპანის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ამაზე ვამზადებთ ჩვენს პოზიციას. ამის შესახებ სამუშაო დღის დასრულებისას გვაცნობეს. დასკვნა, გუშინ, საღამოს გვიან გადმოგვეცა.
ჩვენ, როგორც ამერიკული კომპანია, სათაო ოფისში იურისტებთან ერთად ვმუშაობთ განცხადებაზე და პოზიცია დღეს, ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი" – განაცხადა ზაქარია ზალიკაშვილმა "აიპრესთან".
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროში სახელმწიფოს სპეციალურ წარმომადგენლად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა.
"კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად.
გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.
შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა, სამართლიანად დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და კომპანიაში შეყვანილ იქნა სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე",-განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.