- Advertisement -

1 სექტემბრიდან 10 მკ-ზე ნაკლები პლასტიკის პარკების წარმოება-რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება

528

2017 წლის პირველი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოების, რეალიზაციის და იმპორტის აკრძალვა იგეგმება. 2018 წლის 1 იანვრიდან კი, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების. ამსთან დაკავშირებით „აიპრესი“ ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს ვიკა მეტრეველს ესაუბრა.

მისი თქმით, მომზადებულია შესაბამისი პროექტი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად აღნიშნულ დროს მოხდება თუ არა ამ რეგულაციების ამოქმედება.

„ჩვენ საინფორმაციო სახის შეხვედრა ჩავატარეთ მსხვილ სასურსათო და აფთიაქების ქსელების წარმომადგენლებთან, ასევე მწარმოებლებთან, რომლებიც საქართველოში პლასტიკის პარკებს აწარმოებენ. ვისაუბრეთ, რამდენად მზად არიან, აქვთ თუ არა რაიმე შენიშვნა ამ შეზღუდვების ნაწილში. ისინი ამას დადებითად შეხვდნენ. დიდი ხანია საკითხი დგას, რომ ევროპული სტანდარტებით პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით რეგულაცია უნდა იყოს შემოღებული. დიდი წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ მოჰყოლია, უბრალოდ ითხოვეს დრო. ეს მწარმოებლებისთვის დიდი პრობლემა არ არის, რადგან ისინი მაინც აწარმოებენ, რადგან 15 მიკრონზე ზევით პლასტიკის პარკების წარმოების შემთხვევაში საკანონმდებლო შეზღუდვა არ იქნება“, – აღნიშნა ვიკა მეტრეველმა.

იგეგმება თუ არა საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების და რეალიზაციის სრული აკრძალვა, არის თუ არა ეს შესაძლებელი?

ვიკა მეტრეველი: „ბუნებრივია ყველაფრის აკრძალვა შეიძლება, უბრალოდ რთული იქნება. მაშინ ის უნდა ჩაანაცვლოს მაგალითად ქაღალდის პარკებმა, ამიტომ, არ ვიცი რამდენად არის მზად საქართველო პლასტიკის პარკების სრული აკრძალვისთვის. ევროპის ქვეყნებს სრული აკრძალვა არ აქვთ. ევროპული სტანდარტით, ბიოდეგრადირებადი მაინც არის ხოლმე დაშვებული. ბიზნესი, მაღაზიები მზად არ არის, რომ ასე ხელაღებით პლასტიკის პარკი მხოლოდ ქაღალდმა ჩაანაცვლოს. ქაღალდი უფრო ძვირიც არის და ამასთან უფრო მძიმეც, არც ისე პრაქტიკულია პლასტიკთან შედარებით. ჩვენი მიზანია, შემცირდეს პლასტიკის პარკების წარმოება და გამოყენება, ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებებით ნელ-ნელა მივაღწევთ მიზანს“.

პლასტიკის პარკი არ არის ბიოდეგრადირებადი და მის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, რაც დიდ ზიანს აყენებს გარემოს. პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის. 

ავტორი: თაკო პაატაშვილი

Comments
Loading...