დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები წარუდგინა. კონცეფციის თანახმად, მტკვრის სანაპირო ძირითად სარეკრეაციო ზონად უნდა ჩამოყალიბდეს.
წარმოდგენილ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობით, ფაქტობრივად 300 არაგველის მემორიალი და სარეკრეაციო სივრცე ორ სამანქანო ტრასას შორისაა მოქცეული, რაც ცალსახა ხელის შემშლელი ფაქტორია ფეხით მოსიარულე ვიზიტორთათვის.
"ძირითადი კონცეფციით, ახალი სარეკრეაციო სივრცე იყოფა 5 ნაწილად:
•მემორიალის ტერიტორია, რომელიც ერთგვარი საფეხმავლო მოედნის ფუნქციას ითვისებს.
•ფილებიანი დაღმართი, რომელიც არ აღემატება დახრილობის 4%-ს. იგი ერთგვარი მოსასვენებელი ტერიტორიაა ვიზიტორთათვის. ადგილი, სადაც მსურველს აქვს საშუალება ჩამოჯდეს, ითამაშოს ან თუნდაც ისრიალოს სხვადასხვა სპორტული ინვენტარით.
•3 მეტრიანი ზოლი მდინარის ნაპირის გასწვრივ. ეს ტერიტორია გათვლილია სეირნობისთვის, მთლიანად მოკირწყლულია ფილებით და გარკვეული ბულვარის როლს ასრულებს.
•მოტივტივე ტერასები, რომლების მონიშნულია ორ ადგილას და ეყრდნობა მტკვართან უშუალოდ მისასვლელების არსებულ გეგმას და ქმნის პირდაპირ კავშირს წყალთან.
•მწვანე საფარი, როგორც ერთგვარი ურბანული ტყე ქალაქურ კონტექსტში.