- Advertisement -

EMC: დარღვევებზე რამდენიმე ათას ლარიანი ჯარიმა ტყიბულის მაღაროში ვითარებას ვერ გამოასწორებდა

554

სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოვეწლიურად მატულობს. 2016 წელს  58 ადამიანი გარდაიცვალა და  85 დაშავდაჯანდაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ელზა ჯგერენაიას ინფორმაციით, მზადდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შემოწმება გახდება სავალდებულო მაღალი რისკის საწარმოებში, როგორიცაა სამთო მოპოვებითი, სამშენებლო სექტორი, ენერგეტიკა და ა.შ. დარღვევების შემთხვევაში იქნება რეაგირება. 


წლებია ეფექტურ შრომის ინსპექცია ითხოვს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც წლებია ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას. ტყიბულის მაღაროში 4 დასაქმებულის გარდაცვალების შემდეგ ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა ეს ადამიანი ვინც ამას ეწინააღმდეგები მკვლელია.

შრომის ეფექტური ინსპექციის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოვიდა არასამთავრობო სექტორი, საკითხზე შეთანხმებაც არსებობდა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ჩანაწერი არ ასახულა.

„სარემონტო სამუშაოები თვითონ ღუმელში როცა ტარდება, ადამიანებს უწევთ ცხელ ღუმელში შესვლა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად“, „სამსახურში რომ მოვდივარ, ჩემები დღე და ღამე ლოცულობენ და ტირიან, რომ აი, მოვა თუ არ მოვა“, „ესენი აკეთებენ შანტაჟირებას თვითონ დაზარალებულის. რას ეუბნებიან ახლა: შენ თუ რამე გინდაო, არ თქვა, რომ სამსახურში დავმარცხდი. აი, მოვკიდებთ შენს ცვლის უფროსს ხელს და დავიჭერთ, დავიჭერთ შენს უბნის გამგეს.ამიტომ ხშირად ვიკავებთ ამნაირი მოქმედებისგან თავს. გაიგეთ? რომ ჩვენი ახლობელი ადამიანი არ დავაზარალოთ. ეგ სისტემა კარგად აქვთ აწყობილი ამათ,“-ეს ფრაზები EMC-ის კვლევიდანაა და ისინი წიაღისეულის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებში დასამქებულებს ეკუთვნით.

EMC-ში მიიჩნევენ, რომ ეფექტური შრომის ინსპექცია არსებულ მდგომარეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი იქნება. „აიპრესი“ EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ადამიანის უფლებების იურისტი ლინა ღვინიანიძე ესაუბრა:

-დასაქმების ადგილებზე დასაქმებულების დახოცვის, მძიმე დასახიჩრების შემთხვევები ძალიან ხშირია და გუშინდელი შემთხვევაც ერთ-ერთი ასეთია. მთავარი პრობლემა რომელსაც ძალიან დიდი ხანია ჩვენ ვაყენებთ, ორგანიზაციები, ჯგუფები, პროფესიული კავშირები არის ის რომ ეს მაჩვენებელი ბუნებრივია იმ მოცემულობაში, როცა ქვეყანას არ აქვს შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე ეფექტიანი სისტემა.

ყველა ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები არსებობს, ასევე აქვთ შრომის  უსაფრთხოების ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემა. ზოგან ეს არის შრომის ინსპექცია, ზოგან შესაძლოა სხვა სახელი ჰქონდეს, მაგრამ ეს არის სახელმწიფო საზედამხედველო სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელწიფო იღებს პასუხისმგებლობას განახორციელოს ზედამხედველობა და დააკვირდეს იცავენ თუ არა დამსაქმებლები შრომის უსაფრთხოების ნორმებს. მისი მთავარი ფუნქცია არის რეაგირებასთან ერთად არის პრევენცია. ამდენად შრომის ინსპექციის სისტემის შექმნა არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც გვავალდებულებს, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები შევქმნათ, რაც ძალიან ცუდი გვაქვს და ასევე უნდა შეიქმნას მისი დაცვის ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმი- შრომის ინსპექცია.

2006 წლიდან საერთოდ არ გვქონია შრომის ზედამხედველობის არანაირი მექანიზმი ქვეყანაში, ეს იყო განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკა, რამაც სრულად მოახდინა შრომის სფეროს დერეგულირება და მისცა აბსოლუტურად თავისუფალი საკანონმდებლო სივრცე დამსაქმებლებს რომ განეხორციელებინათ ყველანაირი სამუშაო შრომის უფლებების დაცვის გარეშე.

 

-2006 წლამდე, როცა არსებობდა შრომის ინსპექცია, რამდენად ეფექტური იყო ის და საინტერესოა, სამუშაო ადგილზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევათა სტატისტიკაც, რომ შემდეგ წლებში არსებულ მონაცემებს შევადარებთ

-სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა შსს-ს მიერ იწარმოება 2010 წლიდან, მანამდე დადასტურებული ციფრები არ გვაქვს, თუმცა, ვიცით, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა. შრომის იმდროინდელი ინსპექტირების მუშაობის მიმართ არის სამართლიანი კრიტიკაც. ეს იყო მექანიზმი, რომელსაც არ გაუვლია მოდერნიზაცია, ისევე მუშაობდა, როგორც 2005 წლამდე მუშაობდა ყველა სახელმწიფო მექანიზმი. ეს იყო კორუფციული ინსტიტუტი და ამას ბევრი ადასტურებს, რომ ნამდვილად ასე იყო. თუმცა, პრობლემაა ის, რომ მმართველმა გუნდმა, რომელმაც მაშინ გადაიბარა ხელისუფლება, მოდერნიზაცია გაატარა ბევრი მიმართულებით, მათ შორის საპოლიციო, განათლების და სხვა სისტემებში. შეეცადა, რომ ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა იგივე გადაწყვეტილება, ინსპექტირების მოდერნიზების, გაუმჯობესების მიმართულებით არ მიუღია და გააუქმა ეს მექანიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ მმართველ გუნდს არ სჭირდებოდა ზედამხედველობის მექანიზმი, ეს იყო მათი ეკონომიკური განვითარების ხედვა, რომელსაც შეეწირა რეგულირების ყველა მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში არსებობდა.

2015 წელს ახალ მმართველ გუნდს ჰქონდა მცდელობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, რომ რაღაც მექანიზმი შეექმნათ, დღეს გვაქვს ასეთი მექანიზმი, თუმცა მას ვერ ვუწოდებთ შრომის ინსპექციას, იმიტომ რომ შრომის ინსპექცია არის მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელია, სავალდებულოა მისი შესვლა დაწესებულებებში და ბერკეტები აქვს. დღეს ეს ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საწარმოში მისი შესვლა, თუ დამსაქმებელი არის თანახმა. გარდაქმნაზე მეტად შესაქმნელია ეს სისტემა.

-როგორია ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება?

-ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს სანქცირების მექანიზმი, ყველა საერთაშორისო სტანდარტი აძლევს მითითებას როგორი ინსპექციის შექმნის ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს, ეს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები, რომლის მიხედვით არის რამდნეიმე კომპონენტი, რომელიც უნდა ჰქონდეს შრომის ინსპექციას, ეს არის უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე ნებისმიერ მონაკვეთში, მისი მანდატი უნდა იყოს სრულფასოვანი და ყველა სფეროს აკვირდებოდეს, მათ შორის, უსაფრთხოებას და დასაქმებულების ჯანმრთელობას, მესამე და მთავარი კომპონენტია ის, რომ მას უნდა ჰქონდეს სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რომელიც გავლენას მოახდენს დამსაქმებელზე და აიძულებს დაიცვას დასაქმებულთა უფლება.

ძალიან ხშირად ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ არსებობს სასამართლო სისტემა, სადაც შეიძლება ადამიანებმა აღიდგინონ დარღვეული შრომითი უფლებები. რა თქმა უნდა არსებობს და შრომის ინსპექცია არ ანაცვლებს მას. თუმცა, შრომით უფლებებში, თანამდეროვე სამყარომ, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებმა აღიარა ის, რომ სასამართლოს პარალელურად მნიშვნელოვანია პრევენცია და ამას აკეთებს შრომის ინსპექცია. სასამართლოში იმაზე შეიძლება დავა რომ  ზიანი დადგა,  ადამიანები დაიღუპნენ, თუმცა საჭიროა მსგავსი შეთხვევების პრევენციაც, შესაძლოა სასამართლომაც ითამაშოს მისი გადაწყვეტილებებით პრევენციული როლი, თუმცა, შრომის ინსპექტირების მექანიზმი არსებობს თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და საქართველო იშვიათი გამონაკლისია, რომელშიც შრომის ინსპექცია ფაქტიურად არ ფუნქციონირებს.

-რამდენად ეფექტურია შრომის ინსპექცია ევროკავშირის ქვეყნებში, როგორია იქ დაშავების, გარდაცვალების შემთხვევათა სტატისტიკა, თუ შეგვიძლია ვისაუბროთ შრომის ინსპექციის ეფექტურობის შესახებ ჩატარებულ კვლევებზე?  

ცალკეული ქვეყნების სტატისტიკაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა თუნდაც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ატარებს ძალიან ბევრ კვლევებს ევროკავშირის ქვეყნებში და მის გარეთ. ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ხარისხის გამოწვევები, მათ შორის ეფექტიანობასთან მიმართებით და მუდმივად არის დებატი დაჯარიმების ოდენობაზე, სანქციების ფორმებზე, თუმცა კითხვა, რომ შრომის ინსპექცია შესაბამისი მანდატით გვჭირდება თუ არა, არ დგას არც ერთ ქვეყანაში. თუნდაც ის რომ ევროკავშირთან ასოცირების დირექტივა ეუბნება რომ ეს მექანიზმი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, ნიშნავს, რომ ეს სტანდარტი არის, რაც ბუნებრივია ფორმალურად მექანიზმის არსებობს არ გულისხმობს. არსებობს რა თქმა უნდა მაგალითებიც, როცა შრომის ინსპექციის შექმნას ქვეყნებში მოჰყვა სამუშაო ადგილებზე დასახიჩრების და გარდაცვალების შემთხვევათა მნიშვნელოვანი შემცირება.

 

ამდენად შრომის ინსეპქცია არა ერთადერთი თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალია, თუმცა აქ უნდა ვისაუბროთ სახელმწიფოს ნებაზეც, რომ არა მარტო შემქნას მექანიზმი, არამედ აღასრულოს შემდეგ ეფექტიანად. აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოზე, რომელიც სხვათა შორის, ამ შემთხვევაში ვერ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტყიბულზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მისი მანდატი არის ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმება, მანაქანა-დანადგარების გამართულობას ამოწმებს და მისი მანდატი ვრცელდება მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტებზე როგორიც არის ტყიბულის შახტი.  არა ერთი შემოწმება აქვს ამ სააგენტოს, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს აქვს დაჯარიმების, ფუნქციაც, უპირობო შესვლის ფუნქციაც, საქმიანობის შეჩერების ფუნქციაც საწარმოსი, ფაქტია, რომ პოლიტიკური ნება, რომ ეს ფუნქციები აღსრულდეს არ არსებობს, იმდენად დაბალია ჯარიმები, რომ არაფერს ცვლის

-უშუალოდ ტყიბულის მაღაროში თუ იყო შესული და თუ გაქვთ ინფორმაცია, აქვთ თუ არა რაიმე ჯარიმა გამოწერილი, ან ხომ არ შეუჩერებიათ გარკვეული ხნით საწარმოს საქმიანობა?

 

-კი, ძალიან ზუსტად მონაცემი არ მახსოვს, 10-ზე მეტი შესვლა აქვთ განხორციელებული ტყიბულის შახტებში, 2015 წლის ჩათვლით გვაქვს ჩვენ ეს მონაცემი და რამდენიმე ათასი ლარით არის დაჯარიმებული ტყიბულის შახტი სააგენტოს მხრიდან. მახსოვს, რომ მინიმალური ასეთი სანქცია იყო 100 ლარი და მაქსიმალური იყო 9 900 ლარი, ეს არის ის მარჟა რომელსაც იყენებს ხოლმე სააგენტო და რამდენჯერმე მას აქვს გამოყენებული შეჩერების გადაწყვეტილებაც ტყიბულთან მიმართებით.  2012 -2015-ის წლის პერიოდში 208 დარღვევაა დაფიქსირებული და სულ 58 975 ლარითაა დაჯარიმებული. 

-რატომ აღმოჩნდა ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება ამ შემთხვევაში არაეფექტური?

-სააგენტო საუბრობდა ამ მაღაროში დარღვევებზე, კრიტიკულ შეუსაბამობებზე, რომელიც არაერთხელ დაუფიქსირებიათ, თუმცა მისი ეს პოლიტიკა ჯარიმების არაეფექტური პოლიტიკის გამო არასწორია, მისი მუშაობა არ არის ეფექტიანი, თუნდაც იმიტომ, რომ დაჯარიმების პოლიტიკა არის გაუმართავი. ბუნებრივია, კომპანიებში რომლებიც ძალიან დიდი საწარმოო პროცესებში არიან ჩართულები, რამდენიმე ათას ლარიანი ჯარიმით ძალიან რთულია სიტუციის გამოსწორება, თუნდაც ტყიბულის შახტაში. ასე რომ ვფიქრობ, სააგენტოც არის ის სუბიექტი ვისზეც უნდა მიემართოს პასუხისმგებლობა. რას აკეთებდა სააგენტო ამ დრომდე და შეეძლო თუ არა ამ შემთხვევის პრევენცია და იყო თუ არა მისი მანდატი. ვიცით, რომ გუშინ წავიდა სააგენტო ტყიბულში და ვნახავთ, რა როგორ დასკვნას დაწერს.

 

-ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია ჯადოსნური ჯოხი არ არის, დავით სერგეენკო შრომის პირობების ზედამხედველობის კუთხით რამდენიმე ეშელონზე საუბრობდა, ერთ-ერთი იყო სწორედ ის სააგენტო, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მისი თქმით, პრობლემები არის, თუმცა ეს მხოლოდ შრომის ინსპექციას არ ეხება. რამდენად დაეთანხმებით მას ამ განცხადებაში?

-როცა ვლაპარაკობთ შრომის ინსპექციაზე, ეს შეიძლება არ იყოს ერთი ორგანო, შეიძლება იყოს ორგანოთა ჯაჭვი. სწორედ ამიტომ ვახსენეთ ჩვენ სააგენტო, შსს-ში არსებობს ასევე ასეთი ორგანო, გარდა ამისა, მშენებლობების ნაწილში საქალაქო სამსახურები, მუნიციპალიტეტები, მათაც აქვთ კომპეტენცია, თუმცა, ეს კომპეტენციები არის სრულიად დაჩეხილი და არც ერთი მათგანი უშუალოს დასაქმებულის უსაფრთხოებაზე არ არის მიმართული. შრომის სამინისტროს პასუხისმგებლობაა რომ გამართული კოორდინაცია ჰქონდეთ იმ უწყებებთან რომელებიც ტექნიკა-დანადგარების ან სამშენებლო პროექტების გამართულად დაგეგმვაზე არიან პასუხისმგებელნი და მეორეს მხრივ შექმნას მექანიზმები მათთან ერთად იმუშაოს და პასუხისმგებლობაც დასაქმებულის უსაფრთხოებაზე. ეს სამსახურები რომლებიც ჩამოვთვალე —უშუალოდ სისტემა-დანადგარების გამართულობაზე არიან პასუხისმგებლები. ადამიანების დაცვაში რა თქმა უნდა შრომის სამინისტროს აქვს როლი და ფუნქცია. როცა სახელმწიფო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ შესაძლოა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, ეს რგოლი არ არის მხოლოდ პასუხისმგებელი, თუმცა, ის არის ფუნდამენტური რგოლი, რომელიც დღეს ყველაზე სუსტია, თუმცა რა თქმა უნდა იმ სამსახურების არაეფექტურობაზეც უნდა ვისაუბროთ, როცა ვლაპარაკობთ, რომ ზედამხედველობის სისტემა არ არსებობს.

-საკონსტიტუციო კომისიაში არასამთავრობოების ინიციატივა იყო, რომ კოსნტიტუციაში შესულიყო ეფექტური შრომის ინსპექციაზე ჩანაწერი, რამდენად საჭიროა მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში?

ecm-ის სხვა თანაავტორებთან ერთად გვქონდა კომისიაში წარდგენილი ჩვენი შეთავაზება სხვადასხვა მუხლთან მიმართებით, მათ შორის ერთ-ერთი იყო შრომის უფლების ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ ჩანაწერი, მათ შორის იგივე მოთხოვნა ჰქონდა საიას, ომბუდსმენს და როგორც ვიცით, კომისიამ საბოლოო ჯამში არ ასახა ჩვენი ეს შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება, კონსენსუსი გვქონდა, რომ ეს ჩანაწერი გაჩნდებოდა კონსტიტუციაში.

რამ განაპირობა ამაზე უარის თქმა, თუკი შეთანხმება არსებობდა?

თავად კომისიის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს იყო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ბიზნეს ორგანიზაციების კონსულტაციები, რომლის შედეგადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ ამოეღოთ ეს ჩანაწერი იმ ვერსიიდან რაც თავის დროზე შეთანხმებული იყო, ანუ ეს იყო ეკონომიკური გუნდი საქართველოს მთავრობის

 

როცა ვსაუბრობთ შრომის ინსპექციაზე, უნდა აღინიშნოს რომ არა მხოლოდ მთავრობა იხევს უკან, ოპოზიციის ნაწილის ფიქრობს, რომ შრომის მკაცრმა ინსპექციამ შესაძლოა კორუფციის რისკები გააჩინოს, ჩვენც ვისაუბრეთ 2006 წლამდე არსებულ სისტემაზე. რამდენად ძლიერი არგუმენტია კორუფციის რისკების შესაძლო გაჩენა

მგონია, რომ ეს არაა გამართლებული არგუმენტი, რადგან ასეთი ლოგიკით ყველა ზედამხედველობის, ყველა სახელმწიფო სისტემაში შესაძლოა გაჩნდეს კორუფციის რისკები, მაგრამ სახელმწიფოს ასევე აქვს პასუხისმგებლობა რომ კორუფციისგან დაიცვას სისტემა და ისეთი ადმინისტრირება მოახდინოს, ისეთი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები შექმნას, რომ მაქსიმალურად დააზღვიოს ეს რიკები. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა დადგეს, მაგრამ ისინი არ ამბობენ უარს სისტემის არსებობაზე. ეს არის სტანდარტები, პირველი-ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მასში მონაწილეობა სოციალური პარტნიორების, როგორიც არის პროფესიული კავშირები და ბიზნეს ორგანიზაციები და მეორე მექანიზმი, ინდივიდუალური ინსპექტორების დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები იმისთვის, რომ მათ არ გაუჩნდეთ მოტივაცია შევიდნენ კორუფციულ გარიგებაში დამსაქმებელთან. ამგვარ მექანიზმებს იყენებს ბევრი ქვეყანა. ჩვენი ინტერესიც მათ შორის არის ის, რომ ბიზნესს უკანონოდ არ შეეხოს სახელმწიფო.

ასევე მინდა შეაფასოთ „საქნახიშირის“ განცხადება. რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მიუხედვად მათი ძალისხმევისა უსაფრთხოების ნორმები უზრუნველყოფისთვის, კონკრეტულ შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.  „საქნახშირი“ ასევე მიუთითებდა, რომ გამოძიების დასრულებამდე სპეკულაციები მიუღებელია.

საქნახშირის ეს განცხადება ბუნებრივია, ის ცდილობს რომ დაელოდოს გამოძიების შედეგებს, ჩვენც ველოდებით მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელობა კონკრეტული გარემოებებმა განაპირობა ეს შემთხვევა. ასევე ძალიან რთულია იმის თქმა რომ გარკვეულმა ტექნიკურმა გაუმართაობამ განაპირობა ის, სანამ ამას არ ტყვიან კონკრეტული უწყებები. თუმცა, იმ კონკრეტული პრობლემების გათვალისწინებით, რომელზეც ვსაუბრობდით, ყველა ჩვენგანს უჩნდება მოლოდინი და ეჭვი იმისა, რომ ეს შესაძლოა მაღალი ალბათობით უკავშირდებოდეს უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობას, არარსებობას, სახელმწიფოს მცირე როლს და ტყიბული არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც ეს შემთხვევები ხდება.

გვახსოვს თქვენი კვლევა ასეთ საწარმოებში, თქვენი კვლევის ჯგუფთან დასაქმებულები საკმაოდ მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ოჯახის წევრებმა არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა შინ სამუშაოდან, ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებდა, რომ მუშებს გახურებულ ღუმელში უწევდათ შესვლა, სხვა რესპონდენტი ყვებოდა, რომ თანხის თუ მუქარის საშუალებით დასაქმებულებს საწარმოო ტრავმების დამალვას აიძულებდა დამსაქმებელი. საკმაოდ მძიმე შემთხვევებზე იყო საუბარი, თუ გახსოვთ უშუალოდ ტყიბულის მაღაროში ამ მხრივ რა ვითარება იყო

ჩვენ ამ კვლევაში მოცემული გვქონდა ზოგადი სურათი თუ რა ხდება საწარმოებში, თუმცა ეს კვლევა მოიცავდა ტყიბულის მაღაროსაც. კვლევაში მოცემულია პრობლემები რომელიც დავინახეთ მძიმე ინდუსტრიებში როგორც პრობლემა. კვლევის მიღმა შეგვიძლია თავად ტყიბულელი მეშახტეების ინტერვიუებით ვიმსჯელოთ რა მდგომარეობაზე საუბრობდნენ ისინი თუნდაც ერთი წლის წინ გაფიცვის პერიოდში. ისნი დღესაც ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საწარმო გარკვეულ მცდელობებს ნამდვილად გასწევდა ბოლო ერთი წლის მანძილზე, ეს არ იყო მაინც საკმარისი. მე რამდენიმე კომენტარი ვნახე ტყიბულელი მეშახტეების, ეს ინფორმაცია მათგანაც გვაქვს ჩვენ და მხოლოდ ჩვენი ვარაუდი არ არის, რომ უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობას შესაძლოა უკავშირდებოდეს ეს შემთხვევა. კვლევა აჩვენებს რომ მძიმე ინდუსტრიებში საკმაოდ მძიმედ დგას უსაფრთხოების საკითხი.  

ავტორი; თამარ ივანიაძე

Comments
Loading...