- Advertisement -

Human Rights Watch-ი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

558

 

ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სახელწოდებით "საქართველოში მედიათავისუფლება საფრთხის წინაშეა". როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, როგორც მედიაში, ასევე სასამართლო სისტემაში ხელისუფლების პოტენციური ჩარევის გამო.

„საქართველოში ყველაზე ყურებად მაუწყებელ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით საკუთრების დავამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის შესაძლო ჩარევის გამო, როგორც მედია სივრცეში, ასევე სასამართლო სისტემაში", – ნათქვამია ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, „რუსთავი 2“-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ოპოზიცია, და ბევრი დამოუკიდებელი ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო სისტემაში ხელისულების ჩარევად აფასებს.

ორგანიზაცია ასევე იტყობინება, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უკვე შეაჩერა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლო ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოს.

„რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიმართ მთავრობის ხელშეწყობა სერიოზული დარტყმაა საქართველოს მედია პლურალიზმისადმი, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდოს საზოგადოების ხელმისაწვდომობა ოპოზიციური შეხედულებებისადმი",- აცხადებს Human Rights Watch-ის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგია.

მისი შეფასებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოში „მედიის თავისუფლებას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის და შემდგომ კვლევას მოითხოვს“.

Comments
Loading...