თბილისი – დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ოქტომბერში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს აფასებს. საქართველო ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული მონაპოვრით უახლოვდება.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბევრი მიღწევით იამაყონ, მათ შორის დინამიური პოლიტიკური გარემოთი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძლიერი მხარდაჭერით. თუმცა, ანგარიშში მითეთებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დელეგაცია ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს – დიქოტომიას წააწყდა, რამაც შესაძლოა პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს.
"პირველი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიერ და მეორე, რომელიც დელეგაციასთან შეხვედრის დროს აღწერა ყველა სხვა ჯგუფმა: ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები, ყველა სხვა საპარლამენტო და არასაპარლმენტო პარტია და კანდიდატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მედია ორგანიზაციები. პირველი ჯგუფის მიხედვით, არსებობს მხოლოდ მცირე დემოკრატიული გამოწვევები, მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლება უზრუნველყოფილია, სასამართლო საქმეების განხილვა სწრაფად და მიუკერძოებლად ხდება და რეფორმები ყველა მხარის ჩართულობით ხორციელდება.
ყველა სხვა ჯგუფი, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, განსხვავებულ რეალობას აღწერს: მიმდინარეობს ძალაუფლების კონსოლიდაცია, დავების გადაწყვეტისას ხდება კანონის არათანაბარი და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმები ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება, პარტიები და კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, ალტერნატიული მოსაზრებების გამოთქმისთვის ხდება მედია გარემოს შევიწროება, ასევე ადგილი აქვს არაფორმალურ მმართველობას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის გზით.
შეხედულებების ამგვარმა მკვეთრმა განსხვავებებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში მოქალაქეების გაყოფასა და არასტაბილურობას შეუწყოს ხელი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეებს მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული თავისი ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ და წარმატებული საარჩევნო გამოცდილების გაგრძელებას მოელიან. მათი ამბიციების გათვალისწინებით, დელეგაციამ რამდენიმე ძირითადი გამოწვევა და შესაძლებლობა გამოყო. საარჩევნო ადმინისტრაცია პროცესში ჩართულ თითქმის ყველა მხარეში ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს",-აღნიშნულია ანგარიშში.