ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, "ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსი მიანიჭა

როგორც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით, "საერთო ინტერესის პროექტებისა" (PCI) და "ორმხრივი ინტერესის პროექტების" (PMI) სტატუსი ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა.

პროექტის თანახმად, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" უკვე განახორციელა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა მისი პერსპექტიულობა. 

2026 წელს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის გათვალისწინებულია 25,0 მლნ ლარი

საქართველოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: "დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ენერგეტიკოს,ქართულმა პროექტმა და იდეამ: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტმა დღეს მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის (Project of Mutual Interest (PMI)) სტატუსი. !!!"