ვერ გაითავისეს და ვერ გაიაზრეს, რომ შანტაჟისა და მუქარის ენით ქართველებს არ უნდა გველაპარაკონ, არ უნდა ელაპარაკონ იმ სახელმწიფოს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციისთვის და აკეთებს დღემდე, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

"ამას მოწმობს არა მხოლოდ ჩვენი ანგარიშები, არამედ თვითონ მათი, ევროკომისიის მიერ ასე ვთქვათ, ჩატარებული კვლევები, მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებს შორის, სადაც პირველ ადგილზე არის საქართველო გამჭვირვალობით, კანონის უზენაესობით, რეფორმის ჩატარებით ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის, მათ შორის კი არა, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ მათივე კვლევებით. ამის შემდეგ ვიღაცას რომ მოუტრიალდება ენა და იტყვის, იცით რა, საქართველო თურმე ვერ ასრულებს და გადაუხვია, ეს არის ან სიბეცე, ან მიზანმიმართულად ქვეყნის შანტაჟი, მუქარა, უსამართლო მიდგომა და ამას ჩვენ არ გავატარებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

ამ განცხადებით ირაკლი ზარქუამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება: „შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ქვეყანა კიდევ უფრო შორდება ევროკავშირს, ვადასტურებთ, რომ ამ ფონზე არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე“.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დღეს PACE-ს დელეგაციას მასპინძლობს პარლამენტში, ეს არის ევროპული საბჭოს მონიტორინგის სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პირებით.

„ჩვენ მათთან გვქონდა შეხვედრები, ჩვენი ლიდერები შეხვდნენ და ბატონმა შალვამ მთელი ორსაათიანი ლექცია წაუკითხა, პირდაპირ გეტყვით, არგუმენტებით, თუ რა გავაკეთეთ, როგორ ჩატარდა არჩევნები და გაცემული იყო ყველა პასუხი, ვინმეს თუ რამე აინტერესებდა“, – განაცხადა ზარქუამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იყო თუ არა პასუხები დამაკმაყოფილებელი, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მათ მიიღეს ეს პასუხები.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ მიიღეს ეს პასუხები, ბევრი გაკვირვებაც იყო, რომ არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირიქით, მივესალმებით, რაც მეტი ჩამოვა აქ, მეტად გაიგებს და არა ის, დეზინფორმაციას რომ ავრცელებენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები“, – განაცხადა ზარქუამ.

შეკითხვაზე, თუ ასეა და მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ოპოზიცია, ან არასამთავრობო სექტორი ოპოზიციასთან ერთად აწვდის, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება სრული ინფორმაციის მიწოდებას და რატომ არის აუცილებელი დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა პლატფორმაზე ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა მათ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, მათ შორის, იქნება ეს გაერო-ს ტრიბუნა, თუ ევროსაბჭოში „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლა. მისივე თქმით, უბრალოდ, არის ევროპიუროკრატების გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც მიზანმიმართულად უნდათ, საქართველოში ჰყავდეთ აგენტურა, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ჰყავდათ.

„ხომ გახსოვთ, რასაც ის სჩადიოდა და შემდეგ „დემოკრატიის შუქურად“ იყო გამოჭენებული მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში. სინამდვილეში, ქართველებმა ვიცოდით ხომ, რა ტირანია იყო და როგორ მართავდა სახელმწიფოს? აი, ასეთები უნდათ აქ, ვინც ყველა მათ დაკრულს, ინიციატივას აქ გაიტანს და გააჟღერებს. ჩვენ რა გვაქვს? დაპირისპირება. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? გვითხრეს, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნათ, ჩვენ ამაზე ვუთხარით უარი. ამაზე გვითხრეს, იცით რა, მაშინ ჩვენ პრობლემას შეგიქმნით ქვეყნის შიგნით. ანუ, ის „ენჯეოშნიკების“ ნაწილი, ვინც არიან დაფინანსებული და აგენტურას წარმოადგენენ გარკვეული ჯგუფების და ლობისტური ორგანიზაციების, ისინი აგვიმხედრეს. ჩვენ ამას დავუპირისპირეთ გამჭვირვალობის კანონი და გამჭვირვალობის კანონს ამერიკის ელჩმა, აქ რომ იყო ხელმოცარული ელჩი, დაარქვა რუსული კანონი. კითხვაზე, რატომ არის რუსული, ვერც ერთი ვერ გცემდა პასუხს. უფრო მეტსაც გეტყვით, რუსული იყო ზუსტად ის, რაც აქვთ ევროპაში, ერთი ცენტით რომ დააფინანსო, მაშინვე გიუქმებენ და გიჭერენ, ჩვენ კი ვთქვით, 20% თუ იქნებოდა დაფინანსება არასამთავრობოების, ან ტელევიზიის, უბრალოდ, გამოდით და თქვით, ვინ გაფინანსებთ და რა მიზნითთქო, მეტი არაფერი, მაგრამ ესეც იუკადრისეს, ესეც არ უნდოდათ. იმიტომ, რომ მერე ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტად გაიგებდა, ვინ ებრძვის ეკლესიას, მართლმადიდებლობას, ქართულ სახელმწიფოს, ვინ ითხოვს ლგბტ პროპაგანდას და ეს არ უნდოდათ. ამიტომ იყო მიჩქმალული და ამას მოჰყვა მთელი იწილო-ბიწილო ევრობიუროკრატებთან“, – განაცხადა ზარქუამ.