თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ნდობა, რომელიც მილიონ ასი ათასზე მეტმა მოქალაქემ მმართველ პარტიას გამოუცხადა, გამართლდება.

„არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაგრძელებას. ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მმართველ პარტიას უპრეცედენტო ნდობა ერგო, რაც  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, -  განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის მიერ მიღებული ნდობა აუცილებლად გამართლდება და მხარდამჭერებიც და ოპონენტებიც ოთხ წელიწადში აუცილებლად დაინახავენ იმ წარმატებებს, რომელთაც ჩვენი ქვეყანა მიაღწევს.