შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ქალაქ ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალაროში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნაქურდალი ნივთები სრულადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.




