ვიღაცას შეიძლება მართლა არ ასვენებს რეიხსტაგის გადამწველი ვან დერ ლიუბეს აჩრდილი. მაშინ ნაცისტებმა დადგეს სპექტაკლი, შეიტყუეს ჰოლანდიელი კომუნისტი ვან დერ ლიუბი დაცვისგან მთლიანად დაცლილ რეიხსტაგში და საშუალება მისცეს შეუფერხებლად გაეჩინა ცეცხლი. შემდეგ კი ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს უამრავი ოპონენტი, მათ შორის გიორგი დიმიტროვი, ააგორეს რეპრესიების დიდი ტალღა. აქაც იგივე სპექტაკლის სუნი მცემს. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვაგან მსგავს სიტუაციებში, რეჟიმებს ჰყავთ საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ საქმეზე არიან წამსვლელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ხელაღებით ვერავის დავადებ ხელს. ასევე შესაძლებელია რომ ვიღაც სპეციალურად ყურზე აჯდეს ადამიანს და უბიძგებდეს კონკრეტული საქციელისკენ, ესეც სპეცსამსახურების ძალიან გავრცელებული მეთოდია.
კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს. ისევე როგორც, აღარ ყლაპავს, უკვე 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას.
ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და ამასობაში ბრძოლას ვაგრძელებთ, ფართოდ ვშლით და ვამძაფრებთ. - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის მინა, შეაღწია კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა და შენობის დაწვა სცადა - ის მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლო გაითვალისწინ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ ალექსანდრე ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეღწევის ვიდეო კადრები გამოაქვეყნა




