ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

ჯამში, გამოცხადებული ტენდერების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 130 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტები მოიცავს ქუთაისში აფხაზეთის №5 და №24, თელავის №8 (შალაურის კორპუსი), ტყიბულის №6, ხონის №4, ბორჯომის №1, რუსთავის №16, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის , თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლისა და დაბა ჟინვალში მდებარე საჯარო სკოლებს.

პროექტების ფარგლებში განხორციელდება არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. სკოლებში გათვალისწინებული იქნება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების, სპორტული ინფრასტრუქტურის, სველი წერტილების, საინჟინრო ქსელებისა და უსაფრთხოების სისტემების განახლება. ასევე, საჭიროების შესაბამისად, მოეწყობა და კეთილმოეწყობა სკოლების გარე ტერიტორიები. სკოლები სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტების განხორციელების შედეგად მოსწავლეებსა და პედაგოგებს თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემო ექნებათ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდნენ გამოცხადებული ტენდერებით და მიიღონ მონაწილეობა შესყიდვის პროცედურებში.