გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  

ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 700 კგ-ს გადააჭარბა. 
ბრაკონიერები, ხშირ შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია პრიორიტეტია. ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რაც გულისხმობს თანამედროვე აღჭურვილობის შეძენას, ელექტრონული სისტემების დანერგვას, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული ოფისების მშენებლობა/რეაბილიტაციას, თანამშრომელთა გადამზადებას მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების მიზნით.  პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალებს, რაზედაც მყისიერი რეაგირება ხდება. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში უკვე წარმატებით გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, ე.წ. ბაგები, სხვადასხვა ტიპის ნავები, კატარღები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში აქტიურად დანერგვის შედეგად, ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა და გამოვლენა 24 საათის განმავლობაში და გაცილებით მეტ ლოკაციაზე გახდა შესაძლებელი. 

ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. 2024 წელს დეპარტამენტმა უკანონო თევზჭერის 653 ფაქტი გამოავლინა. მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 275 ფაქტი შეიცავს. 2025 წელს კი, დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, გაცილებით მეტ ლოკაციაზე, 152-ით მეტი ფაქტის აღკვეთა-გამოვლენა მოახდინეს.  - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.