აჭარაში, გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში პირველად იქნა აღმოჩენილი ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, რომელიც 184–185 წლებით თარიღდება.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული უნიკალური აღმოჩენით, საქართველოს ნუმიზმატიკურ კოლექციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა.
2026 წელს არქეოლოგიური ექსპედიციები ჩატარდა გონიო-აფსაროსის, პეტრასა და კავიანის ციხეების ტერიტორიებზე და კვლევითი სამუშაოების შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტი გამოვლინდა, მათ შორის აღსანიშნავია განსაკუთრებული სამეცნიერო და ნუმიზმატიკური ღირებულების მქონე მონეტები.
რეგიონში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება. ამ ეტაპზე გათხრები ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და პარალელურად, დაგეგმილია სამუშაოების წარმოება აჭარის რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე. - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს