ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებსაც. მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც. ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ... ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით - ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის. გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონები. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი. მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი, ძალიან მინდა ვთქვა: - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს.

"ბრძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის...და დავამთავრო. მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის, ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს ხვალინდელი დღე სათუოა. და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება... დედისგან... გამუდმებული, მიზანმიმართული და ყველა მეთოდით... გამსახურდიების ტრაგიკული ბედი. ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც..." - წერს ანა ჯაბაური.