„ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით  არჩევნების შედეგების შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვია მომჩივანთა ნაწილს,  რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა“, –  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა არც აღნიშნული საჩივრების დაჩქარებული წესით განხილვა:

„ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი – 2025 წლის დასაწყისში, თუმცა, ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ბექა ძამაშვილის თქმით, ევროპულ სასამართლოში 11 ფიზიკური პირის და 1 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარია შესული. მომჩივნების ნაწილი დაობს ხმის უფლების ფარულობის დარღვევაზე, მეორე ნაწილი კი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ გაიხსნა უფრო მეტი საარჩევნო უბანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„სტრასბურგის სასამართლოს კითხვები ეხება შემდეგ საკითხებს – რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით; რამდენად შეიძლება, ზოგადად, ირღვეოდეს ხმის მიცემის უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რამდენად შეიძლება იყოს „საია“, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია,  მომჩივანი ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე კი, ყველა შიდა და გარე აქტორს მოუწევს, დაელოდონ პროცედურებს და აღარ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგანაც, რასაც გადაწყვეტს სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.